ყველა ვარსკლავის მატჩის ძირითადი ხუთეულების ვინაობა გახდა ცნობილი.

გამთენიისას NBA-ის ყველა ვარსკლავის მატჩის ძირითადი ხუთეულების ვინაობა გახდა ცნობილი. დასავლეთ კონფერენციას „ოლ სტარზე“ ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, პოლ ჯორჯი, სტეფ კარი და ჯეიმს ჰარდენი წარადგენენ. რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ რჩეული კალათბურთელების სტატუსი იანის ანტეტოკოუნმპომ, კავაი ლეონარდმა, ჯოელ ემბიდმა კაირი ირვინგმა და კემბა უოკერმა მიიღეს. ლებრონ ჯეიმსმა და იანის ანტეტოკოუნმპომ თავ-თავის კონფერენციაში საუკეთესო მაჩვენებლები დააფიქსირეს და კაპიტნის წოდება დაისაკუთრეს. შარშანდელი წლის მსგავსად ისინი საკუთარ გუნდებს „ოლ სტარის“ დრაფტზე დააკომპლექტებენ, რომელიც 8 თებერვალსაა ჩანიშნული. ყველა ვარსკლავის უქმეები სტარტს 16 თებერვალს აიღებს. უშუალოდ შეხვედრა კი 18 თებერვალს გაიმართება.

მიჯრით განცდილი ორი მარცხის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

მიჯრით განცდილი ორი მარცხის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა. გამთენიისას „პისტონსი“ ენტონი დევისის გარეშე დარჩენილ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა. დეტროიტელებმა წარმატებას დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე მიაღწიეს. დუეინ კეისის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ და მხოლოდ 94 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 98-ს დასჯერდა. ანდრე დრამონდის არყოფნაში ზაზა ფაჩულია კვლავ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გამწესებული. ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა, 10 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. „დეტროიტს“ ტრადიციულად ბლეიკ გრიფინმა ულიდერა. „პისტონსის“ მძიმე ფორვარდმა თავი 37 ქულას მოუყარა. რეჯი ჯექსონმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. ჯონ ლეუერი კი 11 ქულით გამოირჩა. „პისტონსისთვის“ „პელიკანსთან“ მოპოვებული გამარჯვება წლევანდელ სეზონში 21-ე აღმოჩნდა. დეტროიტელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილს იკავებენ და შემდეგ შეხვედრას სტუმრად "დალასის" წინააღმდეგ გამართავენ. ასევე იხილეთ - გიორგი შერმადინის "უნიკახამ" "ლიმოჟი" დაამარცხა

„ინდიანა პეისერსის“ სუპერვარსკლავმა, ვიქტორ ოლადიპომ, მძიმე ტრავმა მიიღო.

„ინდიანა პეისერსის“ სუპერვარსკლავმა, ვიქტორ ოლადიპომ, მძიმე ტრავმა მიიღო. 26 წლის ფეხბურთელმა „ტორონტოსთან“ მატჩში მარჯვენა მუხლი დაიზიანა და პარკეტის საკაცით დატოვება მოუწია. ESPN-ის ინფორმაციით საქმე სერიოზულადაა და შესაძლოა წელს „დიპო“ მოედანზე ვეღარ ვიხილოთ. „ინდიანას“ მსროლელ მცველს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია პარასკევს ჩაუტარდება და დეტალები სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. „პეისერსის“ წარმომადგენლები შიშობენ, რომ ოლადიპოს ოპერაციის გაკეთება დასჭირდება და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ოლადიპო „ინდიანას“ უდავო ლიდერია და მის გარეშე გუნდს წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. „დიპო“ საშუალოდ 19.2 ქულას. 5.7 მოხსნას და 5.3 ჩაჭრას აგროვებს. რაც შეეხება „პეისერსს“, ნეით მაკმილანის კოლექტივი 32 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი MVP, ჯეიმს ჰარდენი, საოცარ ფორმაში იმყოფება.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი MVP, ჯეიმს ჰარდენი, საოცარ ფორმაში იმყოფება. „ჰიუსტონის“ მსროლელი მცველის შეჩერებას ვერავინ ახერხებს, რაც „მემფისთან“ გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. „დათვების“ წინააღმდეგ ჰარდენმა შესანიშნავად იასპარეზა და პირველ ნახევარში 36 ქულა ჩააგდო. მსგავსი რამ „ჰიუსტონის“ ისტორიაში არავის გაუკეთებია. 29 წლის კალათბურთელმა შეხვედრა 57 ქულით დაასრულა, „როქეთსმა“ კი ჯამში 112 ქულა დააგროვა! ყველაფერთან ერთად ტეხასელთა მსროლელმა მცველმა კობი ბრაიანტის მიღწევა გააუმჯობესა. ჯეიმსმა 30 ქულაზე მეტი მიჯრით მე-17 შეხვედრაში დააგროვა და ლეგენდარული „შავი მამბა“ უკან ჩამოიტოვა. ჰარდენი უილტ ჩემბერლენის რეკორდს ნელ-ნელა უახლოვდება. ამ უკანასკნელს 30 ქულაზე მეტი ზედიზედ 20 შეხვედრაში აქვს დაფიქსირებული. „მემფისთან“ მიღწეული გამარჯვება „ჰიუსტონისთვის“ 25-ე აღმოჩნდა. ტეხასელები დასავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებენ და შემდეგ შეხვედრას საკუთარ პარკეტზე, „ბრუკლინ ნეთსის“, წინააღმდეგ გამართავენ.